არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობამ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად განკარგულება გამოსცა

საქართველოს მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

როგორც მთავრობის 2018 წლის 19 ნოემბრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული, ცნობად უნდა იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილია რიგი შეზღუდვები, მათ შორის:

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა;

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს კომისიის წევრობის შემთხვევაში დროებით უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილზე, რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება;

საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად ყოფნა;

საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში;

საჯარო მოსამსახურეს წინასაარჩევნო პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გულისხმობს ნებისმიერი ადმინისტრაციული რესურსის, ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის, ქაღალდის, ბაინდერის, ტრანსპორტის, საწვავისა და ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული სხვა ნებისმიერი ქონების გამოყენებას);

გარდა ამისა, საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება: სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან არჩევას; სამსახურებრივი მივლინების დროს ხელმოწერების შეგროვება და საარჩევნო აგიტაციის გაწევა;

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას;

საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ასევე საარჩევნო სუბიექტის სახელით პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა ან გადაცემის დაპირება;

პირადი ფულადი სახსრებით ან საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფოს კომპეტენციას განეკუთვნება.

იტვირთბა....