არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: NGO-ების ბრალდებას საყრდენი არ აქვს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასამთავრობოს მიერ პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას საყრდენი არ აქვს.

მისი განცხადებით, ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება არ არის სწორი.

„განცხადებები, რომელიც გუშინ გაკეთდა, ბრალი დაედო ცალკეულ პირებს, რომ ადგილი აქვს დოკუმენტების გაყალბებას, აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ეს არის მტკნარი ტყუილი და არ შეეფერება სინამდვილეს. რაც შეეხება ამაზე ჭეშმარიტების დადგენას, სიმართლე გითხრათ, ალბათ ამის საუკეთესო ფორმა და გზა არის ის, რომ დასახელდეს კონკრეტული ფაქტები, რომელი ფაქტების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ანალიზი. ვიდრე კონკრეტულად არ იქნება ნათქვამი, რაშია პრობლემა, ასე განცხადების გაკეთება და ბრალის ჩამოკიდება არ არის სწორი. კონკრეტულად, როდესაც ითქმება, რაშია პრობლემა, რამ გამოიწვია, ვინ რაში ხედავს ამ ბრალს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, უფრო კონკრეტულად პასუხის გაცემა. არ შეიძლება, არსებობდეს შანსი იმისა, რომ რეალური დასაყრდენი ჰქონდეს ამ ბრალდებებს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. მან კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარების ფაქტზეც. „ნებისმიერ დასმულ კითხვასთან მიმართებაში გვექნება ამომწურავი, ზუსტი და საზოგადოების ინტერესებისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბუნდოვანებისა და ბრალდების გამქარწყლებელი არგუმენტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განმარტებით, უწყების თანამშრომლების მივლინებებს წალენჯიხასა და გარდაბანში ჰქონდეს კონკრეტული დანიშნულება და ახსნა, მით უმეტეს, ისეთ დიდ დაწესებულებაში, როგორიც არის სერვისების განვითარების სააგენტო.

“რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ ფაქტს შეუძლებელია ჰქონდეს იმ ბრალდებასთან რაიმე კავშირი, რაზეც იყო საუბარი, რადგანაც საბეჭდი ცენტრები იმ რეგიონებში, რომელზეც იყო საუბარი, საერთოდ არ არის განთავსებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

ამავე თემაზე:  პროკურატურაში ეკა გიგაურის გამოკითხვა მიმდინარეობს

იტვირთბა....