„შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ამის მიზეზი ის კი არ არის,რომ ბანკს შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ ახალი ე.წ. პასუხისგებლიანი დაკრედიტების მოდელი და წესები.
“ჩვენი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული და ინიცირებული წესები ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა საშუალება გადახდის. ამავდროულად გაზომოს, რამდენი შეუძლია, გადაიხადოს და იმის ადეკვატური სესხი მისცეს,“ – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა შეისწავლონ სესხის ამღებთა პოტენციალი, შეძლებენ თუ არა მომავალში გადახდას.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.
ამავე თემაზე: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ვალი გაუნულდეს