„შეიმუშავეს, როგორც ჩანს, წარმოუდგენლად ანტისახელმწიფოებრივი მეთოდი და ბეჭდავენ პირადობის მოწმობებს,“ – ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამ “რუსთავი2-ის” ეთერში განაცხადა.
მელიას შეფასებით, ხელისუფლების მიერ შემუშავებულ გაყალბების მექანიზმებს მოსახლეობის აქტიურობა შეუშლის ხელს.
„როგორ საუბრობთ რაღაც რევანშზე ან დესტაბილიზაციაზე, როდესაც პირველი ტურიდან დღემდე რითიც ხართ დაკავებული, ეს არის რევანში, უსწორდებით ყველა იმ ადამიანს, ვინც კი არ იყო თქვენი მხარდამჭერი. 10-მდე საბავშვო ბაღის დირექტორია დღემდე გაგდებული,“ – ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, არაერთი საჯარო მოხელე გათავისუფლდა პირველი ტურის შემდეგ, რადგან მათ უბანზე სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან წააგო. ნიკა მელიას კრიტიკას ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, უპასუხა. ვოლსკის თქმით, ნიკა მელიას განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.