“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით ვალების განულების საკითხზე დიდი ხანია მიდის მუშაობა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ 6 თვის წინ იგრძნო იმპულსი, რომ ჭარბვალიანობა იყო ძალიან სერიოზული პრობლემა
“ჩვენს საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწევს ჭარბვალიანობის პრობლემა,სწორედ ამიტომ მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არ არის გუშინდელი და გუშინწინდელი მუშაობის შედეგი, ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, ხდება დოკუმენტაციის სისტემური გაცვლა და დაზუსტება და როდესაც საბოლოოდ შეჯერდნენ მხარეები, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ, დიახ უპრეცედენტო რამ მოხდა. როცა ვალდებულებების შესრულება არა სახელმწიფოს, არამედ ფონდის ხარჯზე ხდება, რათა 600 000 -ს ადამიანს უკეთესი ახალი წელი გაუთენდეს.ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, სადაც მათ მიერ შეძენილ ქონებასა და სამსახურს არ ექნება ყადაღა. 2012 წლიდან, მაშინ, როცა მოვიდა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, იყო ამაზე საუბარი, თუმცა ის იმპულსი, როცა ხელისუფლებამ იგრძნო, რომ ჭარბვალიანობა იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, იყო 6 თვის წინ”, – განაცხადა მათიკაშვილმა TV პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.