იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს არ შესწევს უნარი, ოკუპირებული ქვეყანა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ გზაზე ატაროს.
მისი თქმით, ენმ-ის ხელწერაა, მათივე დანაშაულები სხვას გადააბრალონ, რასაც გრიგოლ ვაშაძეც განაგრძობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ყოველთვის იყო ის, რაც თავად დააშავეს, სხვას დააბრალონ, ის, რაც არიან თვითონ, თქვან, რომ სხვა არის ასეთი. იგივე პოლიტიკას აგრძელებს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც რეალურად სხვას აბრალებს, რომ რუსია და ამ დროს, თავად არის სსრკ-ს გადმონაშთი, საბჭოთა დიპლომატი, რომელსაც არაფერი აკავშირებს თანამედროვე საქართველოსთან და მით უმეტეს, არაფერი აკავშირებს მომავალთან, რადგან მას უბრალოდ არ შესწევს უნარი ჩვენი ოკუპირებული ქვეყანა ატაროს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ გზაზე. მას, ბატონ ვაშაძეს არ აქვს არანაირი ევროპული ცოდნა. ერთადერთი, რაც იცის, ეს არის საბჭოთა საჯარო სამსახური, რომელშიც საშუალო დონის და რანგის მოხელე იყო.
ჩვენ ასეთ ადამიანს არ ავირჩევთ პრეზიდენტად. აქეთ მხარეს, ვინც მხარს ვუჭერთ პერსპექტივას და ეს არის დაკავშირებული სალომე ზურაბიშვილთან, ვართ გაცილებით მეტი, ვიდრე ამომრჩეველი, რომელმაც პირველ ტურში ვაშაძესა და მისი პარტიის დანაყოფებს მისცა ხმა. ამიტომ, ყველანი უნდა ვმობილიზდეთ მეორე ტურზე, რათა ჩვენ შვილებს დავუტოვოთ უკეთესი, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა, როდესაც გავხდით ზრდასრული ადამიანები. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევა შესაძლებელია ევროპული ხედვის მქონე საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევით.ალბათ, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი და მიზნის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომავლის პერსპექტივას, სალომე ზურაბიშვილს მივცეთ ხმას, რომლის მხარდაჭერისკენ მინდა მოვუწოდო ყველას. ავირჩევთ მას, ვისაც აქვს ევროპული ხედვა და ეს სალომე ზურაბიშვილია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.