პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
როგორც მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედი-live“ განაცხადა, იმ ამომრჩევლების 53%-ში, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე არ მივიდნენ, დიდი ნაწილი პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი იყო.
„დღეს კი ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ სააკაშვილებს, ბოკერიებს, ბაქრაძეებს, ვაშაძეებს და ა.შ. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ყოველგვარი ამბიციებისგან, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“ – აცხადებს ირმა ინაშვილი. ჩვენთან ერთად, სხვა აქტიურ ჯგუფებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს და ტირანიას ვებრძოდით, დღეს სალომე ზურაბიშვილს ირჩევს ქართველი ხალხი და ის მომავალში პასუხისმგებელი და ვალდებული უნდა იყოს სწორედ ქართველი ხალხის წინაშე“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, არსებობს რადიკალიზაციის დიდი საფრთხე, ვინაიდან ნაციონალური ხელისუფლების თანამდებობის პირების წინააღმდეგ 50 ათას ადამიანს აქვს ჩვენება მიცემული. „ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოხდეს? პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძემ რეალურად ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,5 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ მას 80%-ზე მეტმა უთხრა უარი”, – განაცხადა ინაშვილმა.