ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ადვოკატის, ინგა ჩალაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადვოკატის თქმით, სუბელიანის ბადრაგირება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო.
„სუიციდის დაცვის პროგრამაშია. ნელ-ნელა უმჯობესდება მისი მდგომარეობა. დღევანდელ მდგომარეობაზე სამედიცინო ცნობაშია საუბარი. ჩანაწერში წერია, რომ შეუძლებელია მისი ბადრაგირება. უახლოეს მომავალში მას მოვინახულებ“, – განაცხადა ინგა ჩილაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს დაგეგმილი სხდომაზე მირზა სუბელიანი ვერ გამოცხადდა, ამიტომაც პროცესი გადაიდო.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ვცხადდები სასამართლო სხდომაზე და გთხოვთ, გადადოთ სხდომა გონივრული ვადით და არ განიხილოთ ჩემი გამოუცხადებლობის გამო“, -ნათქვამია სუბელიანის წერილში.
მოსამართლემ სუბელიანის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა 4 დეკემბერს 14:00 საათამდე გადადო.
მირზა სუბელიანი თითქმის ხუთი თვეა პატიმრობაში იმყოფება.