სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ყოველთვის უმჯობესია, არჩევნების დღე შაბათ-კვირა იყოს.
ლომჯარიას თქმით, კანონი ამის საშუალებას იძლეოდა.
„მიმაჩნია, არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესი არის შაბათ-კვირას. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მყოფმა ჩვენმა მოქალაქეებმა მისცენ ხმა და ამის საშუალება მათ ძირითადად სწორედ შაბათ-კვირას აქვთ, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მაღალი შიდა მიგრაცია და მოქალაქეებს უწევთ შორ დისტანციაზე წასვლა ხმის მისაცემად იქ, სადაც არიან რეგისტრირებული. ამის საშუალება კი, შაბათ-კვირას უფრო მეტად არის, ვიდრე ერთი დღის განმავლობაში, რომ თუნდაც ერთი დღე გამოცხადდეს უქმედ. უფრო მაღალი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო უბნების რეალიზაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო შაბათს ან კვირას დანიშნულიყო. რამდენადაც ვიცი, კანონიც იძლეოდა ამის საშუალებას. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა და იმედს ვიტოვებ, ეს ნეგატიურად არ აისახება მათ შორის ამომრჩევლის აქტივობაზე არჩევნების დღეს. უფრო მისასალმებელი იქნებოდა, არჩევნები დანიშნულიყო შაბათ-კვირას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დანიშნა.