“„ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
“ჰააგის სასამართლო, სადაც საქმის “შებრუნებაზე” დღეს ბევრს ლაპარაკობენ, არის გაერო-ს მართლმსაჯულების სასამართლო. ამ სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი და 2011 წლის 1-ელ აპრილს ეს დავა წააგო. ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოები დავობენ, პირველი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი იქნა უარყოფილი. ეს იყო საქართველოსთვის სამწუხარო მარცხი. ჩვენი მთავრობა საქართველოს სახელით ჩიოდა, რომ 90-იანი წლებიდან რუსეთი აწარმოებს ჩვენს ტერიტორიაზე იმგვარ ქმედებებს, რომელიც შიძლება დაკვალიფიცირდეს როგორც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დებულებების დარღვევა. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი ამას აკეთებს. ოღონდ იმდენად არაკომპეტენტურად და შეიძლება, ნაჩქარევადაც იყო შედგენილი სარჩელი, რომ რუსეთმა საქართველოს ეს საქმე, სამწუხაროდ, მოუგო. ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო. 2011 წლის პირველ აპრილს, მე არ გახლდით ხელისუფლებაში მაშინ და მათ ეს დავა წააგეს. როდესაც მე მივალ პარლამენტში, იქით მექნება კითხვები, როგორ მოხდა ეს. მაშინდელმა იუსტიციის სამინისტრომ ამ დავის წარმოებაში ასტრონომიული თანხები დახარჯა და მჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ მოხდა ეს. როგორ უნდა “შებრუნდეს” ეს საქმე? სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის დავაზე დიდი იმედი მაქვს, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული, მაგრამ მინდა ყველას ესმოდეს, რომ რუსეთთან ბრძოლა არ არის მარტივი, მას ბევრ რამეზე მიუწვდება ხელი, მათ შორის არაკანონიერი რესურსიც გააჩნია და წესების დარღვევით ბრძოლაც შეუძლია“,- განაცხადა წულუკიანმა.