საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი სურვილია, არჩევნები არა ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და ამავე დროს, ერთიანი ღირებულების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს.
პრეზიდენტის თქმით, 5 წლის განმავლობაში ერთიანი ღირებულებების სივრცის შექმნას ცდილობდა.
„არ შემიძლია, არ შევეხო არსებულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო. დემოკრატიული პროცესი და ამ პროცესის ყველაზე სერიოზული კულმინაცია – არჩევნები თავისი შინაარსით არის ძალიან საინტერესო, რადგან ამ პროცესში მიმდინარეობს ჭიდილი, დაპირისპირება, მაგრამ ამ დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა ძლიერი უნდა გახადოს. ვისურვებდი, ეს არჩევნები არა საზოგადოების პოლარიზაციის, ერთმანეთთან დაპირისპირების, არამედ განსხვავებული აქცენტების გამოკვეთისა და ამავე დროს, ერთიანი ღირებულების შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყოს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და მთავარი სამუშაო, რომელსაც ამ 5 წლის განმავლობაში ვახორციელებ, სწორედ ამის მცდელობა იყო, რომ განსხვავებების მიუხედავად, შეგვექმნა ერთიანი ღირებულებების სივრცე. სამწუხაროდ, ეს არ არის ყოველთვის ადვილი და მინდა, რომ თქვენი მოღვაწეობა, მომავალი პროფესიონალების მოღვაწეობა ამ ქვეყანაში იყოს სწორედ ამ ერთიანი სივრცეების ძიებისკენ მიმართული. ამ არჩევნებმა ისევე როგორც ნებისმიერმა არჩევნებმა, ქვეყანა უფრო უნდა გააძლიეროს სწორედ განსხვავებულობის, ერთმანეთის კრიტიკის, მაგრამ ამავე დროს ერთიან სამშობლოზე ზრუნვის ემოციით“, – განაცხადა პრეზიდენტმა „საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ მაგისტრატურის კურსდამთავრებულების საზეიმო ღონისძიებაზე.