საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განაცხადებით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით ძალიან პოზიტიური შეფასება მიიღო.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებმა საქართველო მოიხსენიეს როგორც ვარსკვლავი რეგიონში ევროინტეგრაციის კუთხით.
„გამოსვლები იყო ცალსახად ძალიან მხარდამჭერი. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ დებატები მიდიოდა საქართველოსა და მოლდოვაზე ერთდროულად. ძალიან დიდი კონტრასტი იყო. მოლდოვას მიმართ ნეგატიური და საქართველოს მიმართ პოზიტიური. საქართველო დღეს ევროპარლამენტარებმა მოიხსენიეს როგორც ვარსკვლავი რეგიონში ევროინტეგრაციის კუთხით. იყო საუბარი ძალიან ბევრ საკითხზე, სხვადასხვა რეფორმის ეფექტურად განხორციელებაზე. ითქვა ისიც, რომ საქართველომ დაიმსახურა, გაიზარდოს მის მიმართ მხარდაჭერა, რადგან ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება, არის წარმატებული, შედეგიანი რეფორმები, ამიტომ მათ მიმართ ევროკავშირის ყურადღება უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არის უფრო წარმატებული ქვეყანა, ვიდრე ევროკავშირის რამდენიმე წევრი. მათთან შედარებითაც კი უკეთესი რეფორმები გვაქვს გატარებული და ამას ვაგრძელებთ. ასევე ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი იყო, რომ კომისარი ჰანი საუბრობდა საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში ევროკავშირის როლის გაზრდასა და გაძლიერებაზე. ჩვენთვის ნამდვილად მთავარი გამოწვევაა სამუშაო ადგილები, ეკონომიკა და ამ მიმართულებით თუ ევროკავშირი დამატებით დაგვეხმარება, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ქვეყნისთვის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამავე თემაზე: თამარ ჩუგოშვილი: ევროპარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, განწყობები გამოკვეთილია
იოჰანეს ჰანი: განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას
ევროპარლამენტარი: საქართველოს პრეზიდენტად რუსეთის ყოფილი ელჩი საუკეთესო არჩევანი არ არის