„ქართულმა ოცნებამ 6 წლის წინ მორალური ძალით გაიმარჯვა, რომლებიც იყვნენ ადამიანები, ვინც იდეის გამო ტყვიას უშვერდნენ მკერდს“, -ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
დოლიძის აზრით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური ძალა ჩააბარა.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ ამ მორალურ ძალაზე უარის თქმა დაიწყო მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმის მოსამართლე კი არა, თავადაც რეჟიმის მსხვერპლი იყო.
„როგორც კი ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, უზენაეს სასამართლოს, ანუ ჩვენი სასამართლო ხელისუფლების მთავარ რგოლს უნდა დაემატოს 10-ზე მეტი მოსამართლე. ვის დანიშნავს იქ საქართველოს პარლამენტი, ის განსაზღვრავს, ვინ იქნება ჩვენი სასამართლოების სახე“, – განაცხადა დოლიძემ და განმარტა, რომ თუ იქ ისევ ის მოსამართლეები მოხვდებიან, რომლებიც წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს ატარებდნენ ძალადობრივ პოლიტიკას და აღზევდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს იქნება სიგნალი, საით წავა ქართული მართლმსაჯულების მომავალი.