„ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში წავიკითხე, რომ ის საკუთარ თავს და “ქართულ ოცნებას“ მიიჩნევს პასუხისმგებლად იმაში, რომ წარმოიშვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმირების შანსი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა TV პირველის ეთერში, „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.
ქუცნაშვილის შეფასებით, პრეზიდენტს პოლიტიკური ხელისუფლების ბედზე გავლენა არ აქვს, ენმ-ს კი სურს, ამ პოსტის დაკავება შეწყალების უფლების მოპოვებისთვის.
„ საპრეზიდენტო არჩევნებს პოლიტიკური ხელისუფლების ბედზე გავლენა არ აქვს და ნორმალურ ქვეყანაში ასეთი არჩევნების შედეგებზე არ შეიძლება ნერვიულობდე. თუ ყველა ვაცნობიერებთ, რომ მას გავლენა არ აქვს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე, მაშინ რისთვის იბრძვის “ნაციონალური მოძრაობა“? ის უკვე დაფიქსირდა მთავარ ოპოზიციურ ჯგუფად, აღიარეს ეს რესპუბლიკელებმაც და ევროპულმა საქართველომაც, მაშინ, რისთვის იბრძვიან? მთავარსარდლობისთვის ? საკუთარი ქვეყანა უნდა გძულდეს, რომ გსურდეს, ვაშაძე ნახო მთავარსარდლად. ისინი იბრძვიან მხოლოდ შეწყალების უფლების მოპოვების პრივილეგიისთვის. ათეულობით ადამიანის სია აქვთ შედგენილი, ვისი შეწყალებაც სურთ. ამ შეწყალებაში უამრავმა ბიზნესმა ჩადო ფული და ახლა მიღებული ფულის გამომუშავება სურთ. მეორე ინტერესი არის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მოეხსნათ მორალური ტვირთი და თქვან, – „ჩვენ ქართველმა ხალხმა გვაპატია“. მათი ქმედებების პატიება ძალიან რთულია, ან როგორ უნდა აპატიოს ხალხმა ის შეცდომა, რაც არ უღიარებიათ? სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინელი პოლიტიკოსის თანამდებობაზე გაყიდა და ახლა ურცხვად ამბობს, რა მაქვს შესაწყალებელიო? მიხეილ სააკაშვილი თანამდებობის გარეშე, როგორც მოქალაქე არ არსებობს. უკრაინაში ხელი მოეცარა და ახლა მოუნდა, საქართველოსი სიტუაცია თავის მიხედვით დაალაგოს“ , – განაცხადა ქუცნაშვილმა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უთხრა ხალხს – გასაგებია რატომაც ხართ გაბრაზებული, მაგრამ არ უნდა დავსაჯოთ ქვეყანა
„ამიტომაც მოუწოდა მან ძველ გვარდიას რომელიც უკანა პლანზეა გადაწეული“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.