“პრინციპში, მათი ამ ნაბიჯით შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ დავტოვე „რესპუბლიკური პარტია,“ – ასე ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ არჩევნების მეორე ტურში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას.
როგორც ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განმარტა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ახლა მნიშვნელოვანია, რომ მხარს უჭერდეს ისეთი პარტია, რომელიც ადრე მწვავედ აკრიტიკებდა.
“ნაცმოძრაობას სჭირდება, ასე ვთქვათ, “გარეცხვა” იმით, რომ ვინც მისი ოპოზიციის წინა ხაზზე იყვნენ, მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიმე ასეთი პარტია მათ გვერდში დაუდგეს და ამიტომ არის, რომ სააკაშვილი დღეს „რესპუბლიკელებს“ პირდაპირი მნიშვნელობით 24-საათიან რეჟიმში ეფერება. მე ამ პარტიიდან წასვლის დღიდან ვთქვი, რომ მათზე არ გავაკეთებდი კომენტარს, მიუხედავად იმისა, რაც უნდა თქვან, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი რამ თქვეს ჩვენზე, მაგრამ მე პატივს ვცემ იმ 12 წელს, რომელიც მათთან ერთად გავატარე და ნამდვილად არ ვაპირებ მათთან სპარინგის რეჟიმში ჩართვას. მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ არ მიკვირს. პრინციპში, მათი ამ ნაბიჯით შეგიძლიათ მიხვდეთ, რატომ დავტოვე”რესპუბლიკური პარტია,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.