“მე არ ვიცი რა არის “ძველი ბიჭი”. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელბს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ჟურნალისტის კითხვის, განმეორდება, თუ არა „ძველი ბიჭების“ მობილიზება საარჩევნო უბნებზე, საპასუხოდ.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, ზუგდიდში, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყოს, თუმცა მისივე განცხადებით, უწყებას ჯერ ამის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია.
„მე არ ვიცი რა არის “ძველი ბიჭი”. შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ მენტალიტეტს ებრძოდა, ებრძვის და გააგრძელბს. სხვა ვერც ერთ დროს ვერ დამისახელებთ, როდესაც ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებდა უფრო ეფექტურად. რაც შეეხება სიებს და სხვა ჭორებს, ამაზეც იყო საუბარი, როგორც ჩანს სამეგრელოში შსს-ს დამატებითი მოკვლევა დასჭირდება და თუ შესაბამისი მტკიცებულები იქნება, ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ამომრჩევლის მოსყიდვაზე გამოძიების დაწყება, ასეთი ალბათობა არსებობს. ჯერჯერობით ვიცით სიტყვის დონეზე, თუ ეს ფაქტი დაგვიდასტურდა, გარწმუნებთ, რომ შსს უახლოეს დღეებში ამ რეგიონში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე საქმეს აღძრავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.