ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, სურს ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს, რათა კითხვებზე პასუხები მიიღოს.
როგორც სარალიძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე “მამები სიმართლისთვის” განმარტა, დღევანდელი აქციის მიზანია, თავი შეახსენოს ხელისუფლებას, რომ მკვლელების დასჯამდე ბრძოლას არ შეწყვეტს.
“ჩემი სათქმელი მთელი სახელმწიფოსთვის ნათქვამი მაქვს უკვე. ბიძინა ივანიშვილს რა აქვს პირადად ჩემთვის სათქმელი ეგ მაინტერესებს. თავის გადასაწყვეტია შემხვდება თუ არა, თუ არ ეშინია, უნდა შემხვდეს. რეალური პასუხების და კითხვების თუ არ ეშინია უნდა შემხვდეს. თუ არ უნდა შეხვედრა არ დავაძალებ, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს პირდაპირ, ღია ეთერში გამცეს იმ კითხვებზე პასუხი, რა ბრალდებებიც წამოვიდა ჩემ მიმართ. ან თუ არ არის ამ საქმეში გათვითცნობიერებული, ის ვინც უთხრა, რომ ზაზა სარალიძე ასეთიაო, ის ხალხი გამოიყვანოს და მოახდევინოს ბოდიში. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, ჩვეულებრივი ადამიანია, ნებისმიერ ადამიანს დავუპირისპირდები, ვინც ოჯახის მიმართულებით ტალახს ისვრის”, – განაცხადა სარალიძემ.