„საზოგადოებრივი მოძრაობა იმას ემსახურება, რომ გამოფხიზლდნენ ადამიანები, რომლებიც არსებულ ხელისუფლებაზე სამართლიანად არიან განაწყენებული”,- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სოციალურად დაუცველების დახმარება დაანონსდა,
„თუ ვინმე განაწყენებული უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვიყოთ, გაუბედურებული ოჯახები, რადგან ჩვენთვის სამართალი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ პირადული უკან გადავდეთ.
ამწუთას, ისეთ ვითარებაში ვართ, ყველაფერი უნდა გადავდოთ, რა თქმა უნდა, დროებით. 2020 წლამდე წინ კიდევ ორი წელიწადი გვაქვს. ხელისუფლებამ კარგად გააცნობიერა, რატომ არის ხალხი ნაწყენი და ვფიქრობ, ამ ორ წელიწადში ნაბიჯებს რადიკალურად შეცვლიან“, – განაცხადა მეტრეველმა.
როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, მაშინ, როცა ხელისუფლების შესაცვლელად მიტინგებზე იდგნენ, ყოველთვის ჰქონდათ აზრი, შეექმნათ სახალხო მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების მაკონტროლებელი იქნებოდა, რათა ახალ ხელისუფლებას იგივე გადაცდომა არ მოსვლოდა და ახლა საჭიროა, ისეთი მოძრაობა შეიქმნას, რომელიც ხელისუფლებას შეცდომების გამეორების საშუალებას აღარ მისცემს.
„ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. უკვე დღეს ძალიან კარგი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სოციალურად დაუცველების დახმარება დაანონსდა, რასაც მივესალმები. ამაზე ხშირად მისაუბრია, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, რადგან ადამიანები ელემენტარულ სამუშაოზე უარს ამბობდნენ, რათა სოციალური დახმარება არ დაკარგვოდათ. რაც მთავარია, დაიხურა კანაფის კულტივაციის თემა და მივესალმები იმას, რომ ხალხის აზრი გაითვალისწინეს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ია მეტრეველმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ შეიქმნება საგანგებო შტაბი და დაიწყებენ ბრძოლას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.
პრესკონფერენციას იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი და ვახტანგ მაიასაიას მეუღლე, ელენე მაღრაძე ესწრებოდნენ.
პრესკონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდეს.
იტვირთბა....