პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი იკრიბება. შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონის საკრებულოების დეპუტატები მიდიან.
ესწრება თუ არა შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უცნობია. განხილვის მთავარი თემა კვლავ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და მმართველი პარტიის სტრატეგიაა.
“ვაგრძელებთ აქტიურ რეჟიმში იმ სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე მუშაობას, რომელიც ჩვენ გვექნება და დავისახეთ მეორე ტურის წინ. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი. დღეს არის რეგიონული შეხვედრები. ასე ვთქვათ დაყოფილი ბლოკებად. მე როგორც კასპის მაჟორიტარის ვესწრები შიდა ქართლის შეხვედრას. გვექნება სტრატეგიის განხილვა, გვექნება ერთი, ძალიან მკაცრი ვერტიკალი,”- განაცხადა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.