აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“გადაეცით ვაშაძეს, სურათები რომ აქვს ჩამოკიდებული სახლში, ხშირად გახედოს ” – ფოტოგრაფი გია აბდალაძე

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფოტოგრაფს საერთოდ არ იცნობს.

“როგორც შევიტყვე ინფორმაცია, ვაშაძემ უარყო, თითქოს მე მიცნობდა ან შეხება ჰქონდა ჩემთან. ეს მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის, რომ გედენიძეს არ იცნობდა, ვაშაძე იტყვის, რომ აბდალაძეს არ იცნობდა. ყველაფერს უარყოფენ ახლა, რადგან უნდათ, ვითომ ხელახლა იწყებენ ცხოვრებას. ეგრე ვერ გაიხსენა ვაშაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს პერიოდში, როდესაც ჟურნალისტები შეეკითხნენ ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ჩემს საქმეში ბრალდება ასეთია – თითქოს სტენოგრამა წამოვიღე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან, რომელიც იყო გრიფით საიდუმლო. წარმოიდგინეთ, ამ დონის საბუთს რომ წამოიღებ, ასეთი რეზონანსული საქმე იყო და ის არც დაინტერესდა, რა საბუთი წაიღეს. იმდენად აბსურდში არიან, სად წავიდნენ, რა გააკეთონ, არ იციან“, – აცხადებს აბდალაძე.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ 2011 წელს ფოტოგრაფების საქმეზე პირველივე კომენტარში განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი დაკარგულა.

„შეგიძლიათ არქივებში მოიძიოთ. ზუსტად ხუთ წუთში შეცვალა და თქვა, რომ სავსებით შესაძლებელია, რაღაც დაკარგულიყო, რადგან მერაბიშვილმა დაურეკა მას, დაამხო თავზე ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ და მოუწია ხელახლა კომენტარის გაკეთება. ჩვენი პირველადი მოთხოვნა იყო, რომ დამკვეთები დასჯილიყვნენ. დამკვეთებში გადიოდნენ უტიაშვილი, ხიზანიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ბოკერია“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

“ჩემგან ასე გადაეცით ვაშაძეს – დაიგინე, რომ არ მიცნობთქო. ზურგს უკან სურათები რომ გაქვს ჩამოკიდებული სახლში, მაგათ გახედე ხშირად თქო. გამიხსენე, 20 წლით ციხეში მიშვებდი, არაფრის გამოთქო. იმის ვაჟკაცობა არ გეყო, თავის დროზე ვანო მერაბიშვილისთვის გეთქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერი არ დაკარგულაო. მინიმუმ ბოდიში უნდა მოეხადათ. ჩვენ არ დავრთავთ მაგათ უფლებას, რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ“, – განაცხადა აბდალაძემ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე. ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე კიდევ სამ ჟურნალისტთან ერთად, სააკაშვილის მმართველობის დროს ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

 

იტვირთბა....