არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ოქრუაშვილი – ვინც არჩევნებზე არ მიდის, ხმას აძლევს ზურაბიშვილს და სულში აფურთხებს ყველა საქართველოსთვის დაღუპულს

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ დაუშვებელია სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა.

“ხვალ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დაახლოებით ისეთი, პირველი შვილი რომ გიჩნდება და მისი დაბადებით სიამაყით ივსები, ღირსება გემატება, პასუხისმგებლობის გრძნობა გეზრდება და ხვდები რომ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი შექმენი, რომელმაც შენს ცხოვრებას ნამდვილი აზრი მისცა.

ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაიბადოს ახალი ქართული სახელმწიფო ან ჩანასახშივე მოკვდეს ჩვენივე ხელით.

ხვალ უნდა გავარკვიოთ ვართ თუ არა ღირსი, გვერქვას ერი, რის დასამტკიცებლადაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ სიცივეში, შიმშილით, შიშველი ხელით, უთანასწორო ბრძოლაში და ამ იდეას, ერად ჩამოყალიბებას, ათეულობით მილიონი ქართველი შეეწირა საუკუნეების მანძილზე.

ხვალ უნდა გავარკვიოთ ვართ თუ არა ღირსი ამ პლანეტაზე გვეკავოს ადგილი, რომელსაც ღმერთისგან ბოძებულს ვუწოდებთ, თუმცა მის მოსავლელად არცთუ ხშირად ვირჯებით.

არჩევანი ძალიან ადვილია.

ერთ მხარესაა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განასახიერებს ყველაფერს საწინააღმდეგოს ქართულისა და ქართველობისა, მისი მხარდაჭერილი კანდიდატის ქ-ნ ზურაბიშვილის სახით, ხოლო მეორე მხარეს ჩვენი წინაპრების ნატვრა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის შექმნისა, იდეა ქართული სახელმწიფოსი, რომელიც ხვალ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ხელახლა უნდა დაიბადოს.

ხვალ უნდა გადავწყვიტოთ ვხდებით თუ არა ივანიშვილის 15 ლარიანი სახანო, ჩვენი ხელითვე ვკლავთ ჯერ არდაბადებულ ჩვენივე შვილს თუ ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების გზას და ბრძოლას ჩვენი მომავლისათვის.

ვისთვისაც ეს ყველაფერი ზერელეა და მიიჩნევს, რომ მისი ხმა არაფერს ნიშნავს, ის არ იმსახურებს ქართველად მოხსენიებას სამარადჟამოდ, ის არ იმსახურებს ერის შვილის სახელს.

მნიშვნელობა არა აქვს ვის მისცემთ ხმას. მთავარია, რომ ხვალ ქართული სახელმწიფო დაიბადება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემით ანუ ნებისმიერი სხვისათვის ხმის მიცემით.

რენეგატები და გზას აცდენილი ქართველები ბევრი გვყოლია ჩვენი ისტორიის მანძილზე. ისეთებიც, რომელიც საკუთარ მშობლებს ან დედმამიშვილებს ხოცავდნენ ძალაუფლებისთვის, მაგრამ საკუთარი ქვეყნისთვის ბრალი დაედოთ დანაშაულში ანუ ვინმეს წინააღმდეგ ომის დაწყებაში, ეგეთებს მე ვერ ვიხსენებ. გარდა ერთისა, სალომე ზურაბიშვილისა.

ყველას გვახსოვდეს, ვინც არჩევნებზე არ მიდის ან ამ ქალბატონს აძლევს ხმას, ის კლავს ჯერარდაბადებულ სახელმწიფოს, ის საფლავზე და სულში აფურთხებს ყველა იმ ქართველს, რომელიც ოდესმე დაღუპულა სიტყვა საქართველოსთვის და მისი არსებობისათვის”, – წერს ოქრუაშვილი.

იტვირთბა....