პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო გარემო კვლავ პრობლემურად რჩება.
უსუფაშვილმა დამკვირვებლებს ქვეყნის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და იმის შესახებაც ესაუბრა, რომ ხელისუფლებამ საკუთარი რესურსი ამოწურა და შესაცვლელია.
ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო დემოკრატიული სამყაროს ყურადღების ცენტრშია და არჩევნებზე დამკვირვებლად გვესტუმრა ყველა წამყვანი, დემოკრატიული, საერთაშორისო ორგანიზაციის მისია. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმიტომ, რომ საქართველო ამ კონტექსტში ატარებს ამ არჩევნებს. გვქონდა საუბარი საარჩევნო გარემოზე, რომელიც კვლავ პრობლემური რჩება, რადგან კვლავ დომინირებს ფული, ადმინისტრაციული რესურსი, მედია რესურსი და განდევნილია საარჩევნო კამპანიიდან არგუმენტი, აზრი, ხედვა, პროგრამა.
ეს დამახასიათებელი მოვლენაა პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის,მაგრამ ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ გაცილებით უფრო წინ ვიყოთ. უფრო კონკრეტულად, ამ არჩევნებს განსაკუთრებულად რთული დამოკიდებულება ახასიათებს ყოფილ და მოქმედ სახელისუფლებო სისტემებს შორის, რაც ქვეყანას ანგრევს. ამიტომ მე დამკვირვებლებს, ჩემს კოლეგებს, ვისთან ერთადაც 4 წლის განმავლობაში საპარლამენტო ასამბლეებში ვმუშაობდი, ქვეყნის განვითარების თაობაზე ჩემი ხედვები გავაცანი როგორი პრეზიდენტი სჭირდება ქვეყანას და ასევე იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნითი დღე იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი. ასე რომ, პოლიტიკური პროცესის ეს ორკომპონენტიანი მოდელი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გასააზრებელი. ცხადია ვისაუბრე იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ის შესაცვლელია, მაგრამ არა იმ გზით, რომ დაბრუნდეს ხელისუფლება, რომელიც არანაკლებ ამოწურული და გამოწურულია,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები ეუთოს, ნატოს, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და PASSE-ს დამკვირვებლებს დახურულ ფორმატში ინდივიდუალურად ხვდებიან.