“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორი მიხეილ ბენიძე ეჭვობს, რომ პრემიერის განცხადება არის იმ ერთიანი ჯაჭვის ნაწილი, რომლითაც “ქართული ოცნება” და ხელისუფლება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ცდილობს.
“ეს ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებები უკვე აქვს. რა თქმა უნდა, კრიტიკა ყველაფრის მისაღებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ასეთ კოორდინირებულ, მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც სცდება ნებისმიერ საქმიანი კრიტიკისა და საქმიანი კოორდინაციის ფარგლებს”, – აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი სამოქალაქო სექტორთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა ამის საპასუხოდ ხშირ შემთხვევაში მათი მხრიდან „პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები გვესმის“.