ტელეკომპანია “კავკასიის” მფლობელი ნინო ჯანგირაშილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინადადების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “კავკასია” უარს ამბობს შეთავაზებაზე.
“ტელეკომპანია კავკასიის განცხადება 26 ოქტომბერს ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით:
ტელეკომპანია კავკასიისთვის გაუგებარია 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ფორმატი . თუ ეს შეხვედრა არის პრესკონფერენცია, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის შეზღუდული მასზე დასწრება სხვა მედიასაშუალებებისთვის, გარდა ხუთი ტელეკომპანიისა. თუ ეს არის რამდენიმე ტელეკომპანიის თოქშოუების წამყვანების ერთობლივი კომბინირებული გადაცემა, როგორც ეს იყო 23 ოქტომბერს, ეს ფორმატი ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია.
ვისთან ერთად სურთ ჩვენს წამყვანებს დაჯგუფება და გადაცემის წაყვანა ეს მათი გადასაწყვეტია და არა ბიძინა ივანიშვილის და მისი პიარსამსახურის. ასეთ ფორმატში იკარგება ინტერვიუს არსი, კითხვების თანმიმდევრობა, ლოგიკურობა და შესაბამისად აზრს კარგავს კითხვის დასმა.
მოხარული ვიქნებით, თუ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პიარ-სამსახური უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება დასახულ ამოცანებს, საკუთარ დამსაქმებელს , ქართულ მედიას და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, აპრობირებულ ფორმატებს შემოგვთავაზებს თანამშრომლობისთვის, რათა აზრი არ დაეკარგოს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და რესპოდენტთან ურთიერთობა არ იქცეს არსს მოკლებულ გამაღიზიანებელ სანახაობად. ტელეკომპანია კავკასია უარს აცხადებს გაუგებარი ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობაზე. მზად ვართ დავესწროთ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პრესკონფერენციას, სხვა მრავალ მედიასაშუალებასთან ერთად, რომლებსაც არაერთი კითხვა აქვთ ბიძინა ივანიშვილთან. ასევე მზად ვართ ერთი–ერთზე, კონკრეტულად ჩვენი არხისთვის განკუთვნილი ინტერვიუს ფორმატში შევხვდეთ ქართული ოცნების თავმჯდომარეს”, – წერს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა 5 ტელეკომპანიას მასთან ინტერვიუ შესთავაზა, აქედან 1 “კავკასიაა”. ერთმა ტელეკომპანიამ “რუსთავი 2-მა” უკვე უარი თქვა შეთავაზებაზე.