საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარეობს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის დებატები. ესენი არიან, – გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობიდან”, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს და დავით ბაქრაძე “ევროპული საქართველოდან”.
“დღეს საზოგადოებაში არსებობს კონსესუსი, რომ “ქართულმა ოცნებამ” მმართველობის 6 წლის თავზე საზოგადოება შეიყვანა ძალიან ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. არ შესრულდა ის დაპირებები, რომლის გამოც ისინი ხალხმა აირჩია. ცხოვრება წავიდა უკან, ჩვენი ამოცანაა გამოვიყენოთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. აუცლებელად წავიყვანთ ქვეყანას წინ და ამას გავაკეთებთ რევანშისა და დაპირისპირების გარეშე”- განაცხადა წარდგენისას პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან საზოგადოების წინაშე წარდგენისას გაიხსენა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ და “ქართული ოცნების” ლიდერი გააკრიტიკა.
“იმ უტიფარი ტყუილების შემდეგ, რაც 2012 წელს “ქართული ოცნებისგან” იყო გაცემული, ის მდგომარეობა, რაშიც დღეს საზოგადოება იმყოფება, ეს არის სამედიცინო დიაგნოზი და ეს არის ე.წ. “ქურდული ოცნება”- აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ დღეს მას დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, იქიდან გამომდინარე, თუ რა ტიპის კამპანია ჩატარდა მის აქ მოსვლამდე მისი ოპონენტების მხრიდან, თუმცა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამომრჩევლების პატივისცემის ნიშნად, დებატებში მონაწილეობას იღებს.
“არჩევნები, რომელიც დღეს ტარება არის არჩევანი პრეზიდენტის და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, ამიტომ, მე ვარ წარდგენილი ამომრჩევლის წინაშე, როგორც იმ ემიგრაციის შვილი, რომელიც ერთი საუკუნის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამის გაგრძელება არის საბჭოთა კავსირის დასრულება. მე ვარ ევროპელი და მოვდივარ იმისთვის, რომ ახალი საქართველო დამშვიდებული საქართველო” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.