ყოფილი გენერალური პროკურორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებს, რომ ამ საქმეზე მოკლე აღწერილობებს უგზავნიდნენ ივანიშვილს.
“ნიკა გვარამია ამბობს, მე ვიყავი ბადრის საქმის გამომძიებელი და საქმის მიმდინარეობაზე მეილებს სწორედ ბიძინას ვუგზავნიდი, რადგან ბადრის ისტერიულად ეშინოდა და მის დახვრეტას ითხოვდაო. ძალიან მაინტერესბს, ვინ იყო მაშინ ბიძინა, რამე თანამდებობა ეკავა, პროკურატურა რომ ანგარიშს აბარებდა? ტყულიად კი არ ვიძახი, რომ ბიძინა ნაცების დროსაც არაფორმალური მმართველი იყო-მეთქი”, – ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის სწორედ ამ პოსტს გამოეხმაურა გვარამია.
“ასე იყო და რა გითხრა. ვანო მერაბიშვილი იყო კონტაქტპერსონი და ლამის ადეიშვილზე ადრე იქით ვაგზავნიდი მოკლე აღწერილობებს”, – წერს გვარამია.
ეს ყველაფერი კი სწორედ გვარამიას ფეისბუქ-სტატუსით დაიწყო, სადაც ის ამბობდა, რომ პატარკაციშვილის ყველაზე მეტად ივანიშვილს ეშინოდა და თუ ვინმე ბადრის მოკვლაში ფულს გადაიხდიდა, სწორედ ივანიშივლი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.
პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გ.მ., მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლ.ქ.-ს და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რ.შ.-ს კი წარედგინათ ბრალდებები.