ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავში ბოლო მონაცემებით 12 ადამიანია დაშავებული: კორპუსებიდან მოსახლეობა ევაკუირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვემო ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილის განცხადებით, რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანია დაშავებული.

„მიმდინარეობდა ავტოფარეხის სადემონტაჟო სამუშაოები. არსებული ინფორმაციით, მოხდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება. ამ მომენტისთვის რუსთავის ორ საავადმყოფოში გადაყვანილია 12 პიროვნება სხვადასხვა სახის დაზიანებით. ცხრა პიროვნება არის ე.წ. აზოტის საავადმყოფოში, სამი კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. გარდაცვლილი არავინ არის. შეტყობინებიდან ოთხ წუთში ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ადგილზე“, – განაცხადა დავით გელაშვილმა.

აფეთქების შედეგად, სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრის მინები თითქმის სრულად არის არის ჩამსხვრეული ან დაზიანებული, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.

“მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....