ფოთის მერმა და ამავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილსჯამში 100 ათასი ლარი შესწირეს. გოჩა კურდღელიამ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 40 ათასი, ირაკლი ხახუბიამ კი 60 ათასი ლარი გადაურიცხა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გოჩა კურდღელიამ უფრო ადრე, 2012 წლის სექტემბერში 10 ათასი ლარი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შესწირა. 2016 წელს კი 60 ათასი ლარი უკვე „ქართულ ოცნებას“.
გოჩა კურდღელია ამბობს, რომ ექვსი წლის წინ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს საკუთარი მეგობარი თენგიზ სარიშვილი იყრიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს თანხაც „მეგობრობიდან გამომდინარე“ შესწირა.
„რაც შეეხება მომავალ პერიოდს, ჩემი კეთილი ნებით, ქვეყნის განვითარებისთვის წინ წაადგებოდა ჩემი გადაგმული ნაბიჯი და ამიტომ შევწირე ზურაბიშვილს თანხა. „ნაციონალური მოძრაობის” შეხედულებებს არ ვიზიარებდი რა თქმა უნდა. ჩემი მეგობრის პროგრამას ვიზიარებდი, საკმაოდ კარგი პროგრამა ჰქონდა, თუმცა ვერ გავიდა“, – უთხრა გოჩა კურდღელიამ „ლაივპრესს“.