“შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპატიმროდან მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმიანება. მისი თქმით, პროკურატურის არაფრისმთქმელი განცხადებები მხოლოდ ნავთს ასხამს ცეცხლზე.
„პროკურატურა გვეუბნება, რომ უკვე ჩაწერილი მასალა, ვიღაცამ პენიტენციალური სისტემის თანამშრომელს შანტაჟის მუქარით გადასცა გასავრცელებლად, მაგრამ ამ ტიპის გამავრცელებელი და მისი დაშანტაჟება ვის რაში სჭირდებოდა, ეს გაუგებარია. ეს გავრცელების ჯაჭვი კი არ გვაინტერესებს, ვინ ვის, რა და როდის გადასცა, არამედ ის, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ის, რაზეც ამ ჩანაწერშია საუბარი?
“მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვურჩიო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, ვისაც შერჩა საღი აზრი, გაიაზრონ, რომ იმ მასშტაბურ კრიზისს, რომელშიც თავად შეიყვანეს საკუთარი თავი, ამ ტიპის ეპიზოდური ნაბიჯებით და კონტრ შავი პიარით ვერაფერს დააკლებენ. საჭიროა სერიოზული პოზიტიური ინიციატივები, თუკი ამისი ძალა და მორალური შესაძლებლობა შერჩა ხელისუფლებას”. – აცხადებს უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება უკვე გაავრცელა.