ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეხმაურება. ის თვლის, რომ ქვეყანაში კრიზისია და ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია.
“ვარ შეურაცხყოფილი და ამას ნებისმიერი დეპუტატი უნდა აცნობიერებდეს, რომ ამდენი წლის მანძილზე ზურგს უკან ასეთი საშინელებები ხდებოდა. ეს ჩანაწერი არის დასტური იმისა, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია” – აცხადებს ჭიჭინაძე.
ის ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაში ხედავს.
“სახუმარო აქ არაფერია. შემაშფოთებელია და იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას არ აქვს ადეკვატური პასუხები. ოცნებამ თავისი ფუნქცია ამოწურა და ზოგადად ქვეყანაში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ამის ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ვადამდელი არჩევნები,” – ამბობს ჭიჭინაძე.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
იტვირთბა....