„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა და კანონიერება.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბესელიამ “სისხლის სამართლის კოდექსზე“ გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ჩემთვის პირადად საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება – არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ამასთან, როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან აზრი ვერ გამოიტანა და ვერ გაიგო ჩანაწერის იმ ნაწილის კონტექსტი, სადაც მისი სახელია ნახსენები.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.
სხვა საკითხებთან ერთად, ჩანაწერში ასევე ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.