ახალი ამბები

“მირზა სუბელიანი სტრესის ქვეშაა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მის მიერ მონათხრობი სერიოზულად არ მიუღია. მან ასევე გაიხსენა, რომ სუბელიან საპატიმროში რამდენჯერმე შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცის პირვლი არხი ავრცელებს.

„მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია. როგორ შეიძლება, ამის სერიოზულად ჩათვლა? სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი.

უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა. შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რეებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი.

განიცდის, რომ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი ოჯახი ასეა. სამარტოო საკანშია და რა გასაკვირია, რომ ასეა, ამხელა უბედურება დაემართა? ამ თემაზე გახარიასთან საუბარი არ მქონია, რამდენჯერმე შევხვდი სუბელიანს” – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

იტვირთბა....