უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე “მეტრონომთან” საუბრისას ადასტურებს, რომ საპატიმროში მირზა სუბელიანთან ნამდვილად ქონდა საუბარი.
“კი, მსგავსი საუბარი მირზა სუბელიანთან მქონდა. ზუსტად მთლიანად ავთენტურია თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მსგავსი საუბარი იყო. სუბელიანთან შესვლის ნებართვაც აღებული მქონდა. მე ვარ პარლამენტის წევრი, მაქვს სტატუსი, მაქვს ნებართვა და შევედი პატიმართან. თქვენ ეგ კი არ უნდა გაინტერესებდეთ იქ რამდენი სისულელეა ნალაპარაკევი, უნდა გაინტერესებდეთ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრი, ეს უნდა იყოს მთავარი თემა”, – აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას.
გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით სუბელიანი ორ პირს ესაუბრება, საიდანაც ერთი უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეა.
აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.
„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.