საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელში სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის, დავით ბაქრაძის წარმომადგენლებსა და პირველი არხის მენეჯმენტს შორის შეხვედრა გაიმართა. 10 ოქტომბერს გამართული დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ დებატები გაიმართება 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, პირველი არხის ტელე და რადიო ეთერში.
საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში სალომე ზურაბიშვილის და გრიგოლ ვაშაძის მონაწილეობა დაადასტურეს. დავით ბაქრაძის წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან დავით ბაქრაძე არ იმყოფება საქართველოში, მისი ოფიციალური დასტური 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
26 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე ყოველდღე კვირის გარდა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება ეძლევა, ამომრჩევლებს 10 წუთის განმავლობაში, 21:30 საათზე საკუთარი ხედვა გააცნოს.
ამასთან, დებატები გაიმართება 12 ოქტომბერს, პარასკევს 22:00 საათზე, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
კვალიფიციური სუბიექტები ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო. მათ შორის დებატები კი 19 და 26 ოქტომბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დებატების განრიგი და რიგითობა შეთანხმდა კენჭისყრის შედეგად საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე.