პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი დიპლომატებს საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და აუხსნიან, რომ მოხდა დანაშაული და ამ დანაშაულის ჩამდენი პირები არ ისჯებიან.
„ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ვუგზავნით წერილს და მათ ვთხოვთ დახმარებას. ჩვენს წერილში საუბარია საქმის ისეთ მასალებზე რაც დღემდე საჯაროდ არ გამოგვიქვეყნებია. საუბარია თუ რა ქმედებები განახორციელა ხელისუფლებამ დღემდე და რომ არ დასჯილან დამნაშავეები“, -განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს კომპლექსური დასკვნის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. კუბლაშვილი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ უკვე ცნობილია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა მოხდა ისე, რომ მას თავი ბალიშზე ჰქონდა დადებული.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა ექსპერტიზის ბიუროც, თუმცა ისინი დასკვნის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, რადგანაც ხელისუფლების მიერ ხდება გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის და მისი ადვოკატი მოუწოდებენ დიპლომატებს, რომ საქმის შესახებ გააგებინონ მთელ ცივილიზებულ სამყაროს.
„მივმართავ დიპლომატებს, რათა ამ საქმის შესახებ ინფორმაცია გაიტანონ საზღვარგარეთ, რადგან ხელისუფლებას თემირლანის საქმეზე არ აქვს პასუხი. ჩვენ ვთხოვთ დიპლომატებს დახმარებას. ვაპირებ, კანონის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემი შვილის მკვლელები გავანადგურო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.