„შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ შიდა საკითხები საქართველოშივე უნდა გაირკვეს.
“ისღა გვაკლია, რომ მთელ მსოფლიოში მოეჭრას თავი ქვეყანას. ეს თემები საქართველოში ქართველმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, ლონდონსაც და ტოკიოსაც, რომ შეგვიძლია საკუთარი სახელმწიფოს გაძღოლა. არაობიექტურად წარმართული გამოძიებები გაცილებით ძვირად უჯდება ხელისუფლებებს, ვიდრე ობიექტურად წარმართული და მისი რომელიმე წარმომადგენლის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ისაუბრა ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის საგანგებო განცხადებაზე. „სანამ ფარცხალაძეს ექნება განცდა, რომ მას პოლიტიკური მფარველები ჰყავს, ის, რა თქმა უნდა, ასე ისაუბრებს. აბა ხომ არ იტყვის, რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავეო. თავად ფარცხალაძე სწორ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, “ომეგა ჯგუფის” ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ მისი ბიზნესი დაარეკეტა და ბიუჯეტში ვალის დაბრუნების სანაცვლოდ 4 მილიონი მოთხოვა. მისი თქმით, გარიგებაში მონაწილეობდნენ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ამ გარიგებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და იმდროინდელი ბიზნესობმუდსმენი გიორგი გახარია.