არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია”

„ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში  ადამიანის უფლებები ირღვეოდეს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელმაც ჩვენთან ერთად გამოიარა ტერორი, „საკნების აქციები“ და ის არასდროს იყო ჩვენგან შორს. ჩამოვიდა საფრანგეთიდან და გვერდში დაუდგა საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ბრძოლის კიდევ ერთი გაგრძელება იქნება მისი მხარდაჭერა პრეზიდენტობის პოსტზე. საქართველოს სჭირდება ასეთი პრეზიდენტი“,- აღნიშნა მან.

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვისას ყურადღება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში გადასვლის პერიოდზე გაამახვილა და იპოდრომზე მისი გამოსვლის შესახებ ისაუბრა.

“მახსოვს 2006 წელს გამართული  შეხვედრა, როდესაც  ქალბატონი სალომე ოპოზიციაში ახალი გადასული იყო. ჩამოსული გახლდათ ბორჯომში. იმ შეხვედრას ჩვენთვის ძალიან იმედიანი ხასიათი ჰქონდა, რადგან ეს იყო ახალი ტალღა ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილებით იყო აღჭურვილი, რომელსაც ჰქონდა საერთაშორისო კავშირები და ჰქონდა ძალიან დიდი პროფესიული ღირსებები, მაშინ გადაუდგა სააკაშვილის რეჟიმს. ყველას გვახსოვს იპოდრომზე გამართული შეხვედრა და  ქართულ საზოგადოებაში არსებული ემოცია, რომ არის რესურსი ვიბრძოლოთ ადამიანის უფლებებისთვის“,- დასძინა მან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....