ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სამცხე-ჯავახეთში გაკეთებულ განცხადებას “რუსთავი 2-თან” საუბრისას ეხმაურება.
“ეს ქალბატონი გამოიყურება, როგორც ფსიქიატრიულად სრულიად გაუწონასწორებელი, მაგრამ ძალიან უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები ერთი ერთზე იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. ამგვარად, ეს მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ის სამცხე ჯავახეთში რეგიონში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
„მე, ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება უფრო კარგად მესმის თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთნაირი უფლება გააჩნია მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა. ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე, ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი. ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა. მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარ დეპუტატი დავიწყე მუშაობა ორმაგ მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ, წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას. შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.