ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე ივანიშვილს: “გისვამთ კითხვას, როგორც მამა მამას, მიპასუხეთ”

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც ზაზა სარალიძის მოკლული შვილის საქმეს ეხებოდა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პასუხობს და ყოფილ პრემიერს შეკითხვით მიმართავს.

”არ შემიძლია არ გიპასუხოთ, ბატონო ბიძინა. რას ჰქვია მიაბრალონ ან ვის მიაბრალონ – თქვენმა ნაქებმა ხელისუფლებამ დამალა მკვლელები და ახლაც აგრძელებს ხელის დაფარებას. თქვენგან ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას არ ველოდი. ზუსტად ამიტომ მინდოდა გუშინ თქვენამდე მოღწევა, რომ ფაქტებით მესაუბრა და კითხვები დამესვა თქვენს თვალწინ იმ პირებისთვის, ვინც ხელს აფარებს ჩემი შვილის მკვლელებს.
როგორც ვხედავ თქვენც გადაწყვიტეთ ხელის დაფარება მკვლელებზე. მართლა ბრძენი კაცი მეგონეთ დღემდე, მაგრამ შევცდი.
დღემდე მეუბნებოდნენ და მირჩევდნენ ბიძინას შეხვდი და დახმარება თხოვეო. ვფიქრობდი კიდეც შეხვედრას, მაგრამ რაღა აზრი აქვს თქვენთან შეხვედრას ამის შემდეგ.
მკვლელების გამპრავებლებით გყავთ მთელი გუნდი სავსე. დაშალეთ სანამ თქვენც არ ჩაგიყოლეს ღრმა ჭაობში, თუ უკვე არ ხართ ბოლომდე ჩაფლული.
არ შემომიშვეს თქვენამდე და აქედან მაინც დაგისვავთ კითხვას როგორც მამა მამას – პირდაპირ მიპასუხეთ, რატომ აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს და როგორ მოიქცეოდით თქვენ ჩემს ადგილას, როცა პირველივე დღიდან სიმართლე იცი და მაინც გიმალავენ და თვალებში ნაცარს გაყრიან”.  – მიმართავს ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს.

შეგახსენებთ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას: “უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
„გახსოვთ გირგვლიანის და სხვა უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობები. უნდათ, ამასთან იდენტური გახადონ ის დრამატული უბედურება, რაც სკოლაში განვითარდა. საზოგადოებისთვის ძალიან ტრამვა და სტრესი იყო ეს. უნდათ, რომ ბავშვების ჩხუბი მიაბრალონ დღევანდელ მმართველ ძალას. უნდათ, ეს ყველაფერი დღევანდელ ხელისუფლებას მიაბრალონ და გირგვლიანის საქმის იდენტური გახადონ“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

იტვირთბა....