საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გაცხადებით „ომეგა ჯგუფისა“ და მედიის თავისუფლების თემები ერთმანეთთან დაკავშირება სრული უპასუხისმგებლობაა.
„იმ ადამიანებს, ვინც ფიგურირებენ ამ ე.წ. ჩანაწერებში, აქვთ უფლება და საშუალება, საგამოძიებო ორგანოებს, ისევე როგორც საზოგადოებას, მიაწოდონ სრული ინფორმაცია, რომ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რასთან გვქონდა საქმე. ამასთან ერთად, მე გავაკეთე კომენტარი იმ უკიდურესად უპასუხისმგებლო ქცევაზე, რომ ცდილობენ, დაუკავშირონ თავისუფალი მედიის ფუნქციონირება საგადასახადო საკითხებს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. არსებობს კომერციული საქმიანობა, არსებობს ბიზნესი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თამბაქოს წარმოებასთან, რომელმაც უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც ნებისმიერმა ეკონომიკურმა აგენტმა და ჩვენ გვაქს თავისუფალი მედია. ამ საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება არის სრული უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ბახტაძის განცხადებით, ის „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ლევან ყიფიანს არასდროს შეხვედრია.
„რაც შეეხება წინა ისტორიას, ამ საკითხზე, გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი მთავრობის მიდგომა გახლავთ და იქნება მუდამ ძალიან მეგობრული ყველა იმ მეწარმის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის. ბუნებრივია, როდესაც საქმე შეეხებოდა საგადასახადო დავალიანებას, კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ აქვს გარკვეული პრობლემები ობიექტური ხასიათის გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. პარალელურად, კომპანიამ საგადასახადო დავალიანება უნდა დაფაროს. ამავე დროს, მივაწოდე საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოხდა 11-ჯერ შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებასა და ზოგადად ქართულ ბიზნესთან ჩვენი მთავრობის ურთიერთობას. საგადასახადო დავალიანების მასშტაბს რაც შეეხება, ეს არის უპრეცედენტო, ძალიან დიდ თანხა, 50 მილიონ ლარზე მეტ თანხაზეა საუბარი”, – აღნიშნა ბახტაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა სასტარტო ეტაპზე ამ თანხის მასშტაბურად დაგროვება, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.
„მეგობრული მიდგომა არის ნებისმიერი ქართველი დამსაქმებლის მიმართ. ვერ ნახავთ საქართველოში მეწარმეს, რომლის მიმართაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომ არ ეძლევა მეწარმეს გრაფიკით გადასახადის დაფარვის საშუალება ისე, რომ არ შეუქმნას პრობლემები სამუშაო ადგილებს. ჩვენთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება ან მისი ზრდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.