“ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძემ ფილარმონიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ფილარმონიაში გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.
“ამ 9 თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა ფაქტობრივად მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. რას ქვია ვერ დგინდება. მე როგორც ვხედავ, ხელისუფლებას რაღაცაში ეჭვი ეპარება. პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. ძალიან რთული იყო ჩემთვის ის დღე, როდესაც ჩემს შვილს თავზე ვედექი და ვერაფერს ვშველოდი. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაღუნულები გვისამძიმრებდნენ, პირიქით, წიხლს გვაჭერენ, გვდევნიან და ათას სიბინძურეს გვაბრალებენ. უკვე ძალიან ბევრი რამ ვიცი. მე ისიც ვიცი, რა თანხები აიღეს ჩემი შვილის საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ჩვენი შვილების სულებით ივაჭრეს და მე ამის საშუალებას მათ არ მივცემ. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი შვილებს მკვლელები კანონის წინაშე არ წარსდგებიან და არ დაისჯებიან კანონის ძალით. დიდი მადლობა მთელ საქართველოს, ვინც ერთი სიტყვით მაინც გამოხატავს მწუხარებას ჩვენს მიმართ. დღეს, ქართველებო, ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, რათა ეს მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. ჩვენ არ გვყავს მოსაკლავი შვილები. საქართველოს არ ჰყავს მოსაკლავი შვილები. ჩვენ ვიდგებით რუსთაველზე იქამდე, ვიდრე სამართალი არ აღსრულდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.