მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის ვადა 30 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე მიიღეს.
შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს (ამოქმედდა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან), ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.