პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი ეხმაურება.
სამადაშვილის განცხადებით, პრემიერის მოუწია მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო.
მისივე განცხადებით, ამავე პოზიციას იზიარებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი.
„იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ იმავეს იმეორებს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კობახიძე და იგივე აზრი აქვს, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი. ასე, რომ ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რეალური პოზიცია დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდის, რომლის უკანაც დგას ბიძინა ივანიშვილი, მთლიანად ემთხვევა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, თუმცა, გაეროს ტრიბუნიდან ამაზე საუბარი პრემიერ-მინისტრს ალბათ, გაუჭირდებოდა, მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იძახის, რომ ტყუილია, რუსული ნარატივი, რომ საქართველო არის დამნაშავე 2008 წლის ომში, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეთქვა ის, რაც თქვა“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო რა გამოწვევების წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მამუკა ბახტაძემ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს მცოცავი ანექსია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს სრულფასოვნად ცხოვრების საშუალება მისცეს.
18 წუთიანი მიმართვისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის აქტიურად გამოყენების მცდელობაზეც გაამახვილა ყურადღება.