ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოიძე: “მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, რომ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში არიან”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე “მეტრონომთან” საუბრისას პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის კონტროლი ასე უკეთ განხორციელდება.

“ის, რომ ყველაფერი თბილისში გადმოდის და ურბანული თვალსაზრისით, გაუმართლებლია პარლამენტის გადმოტანაც, უსუსური არგუმენტია. თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტის ქუთაისში გადატანა. საუბარია საპარლამენტო რესპუბლიკაზე, როდესაც პარლამენტი ძირითადი ძალაუფლების წყაროა. პარლამნტის მხრიდან მთავრობაზე ზედამხედველობა პრაქტიკულად შეუძლებელია, როდესაც პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული. ძალიან ძვირი უჯდებათ ეს ჩვენ მოქალაქეებსაც. აი, ეს არის ჩვენი ძირითადი არგუმენტი.

თავის დროზე, როდსაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს ერთადერთი მოტივაცია არსებობდა, იმ დროინდელ პრეზიდენტს ეშინოდა, პარლამენტის წინ დემონსტრაციების. სხვა არაფერი არ ყოფილა. ქუთაისლებზე ზრუნვა და რეგიონალური განვითარება იყო შირმა. ჩვენ რეგიონალური განვითარება სხვა კუთხით უნდა მოვახდინოთ და 150 კაცის იქ ყოფნა-არყოფნა არაფერს წყვტს. ამ შენობას უნდა მიეცეს ხალხისთვის მომგებიანი დანიშნულება. ზოგადად, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, რომ პარლამენტი და მთავრობა სხვადასხვა ქალაქში არიან”, – განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ჟურმალისტებს  განუცხადა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში შსს საპოლიციო ჰაბის განთავსებას გეგმავს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება პარლამენტის ადგილმდებარეობად განისაზღვროს თბილისი. რაც შეეხება ქუთაისის შენობას, ამას ექნება თავისი მნიშვნელოვანი დატვირთა, ამაზე განცხადებას მოგვიანებით შსს გააკეთებს, რომელიც აპირებს ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს. უფუნქციოდ შენობა არ დარჩება,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი თბილისში გააგრძელებს მუშაობას.

იტვირთბა....