ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაიყიდა თუ არა ირანელზე ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია: კულტურის სააგენტო ინფორმაციას უარყოფს

გუშინ სოციალურ ქსელში, “არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაგტრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ირანელ ინვესტორზე გაიყიდა.

ამ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„ქუთაისის IV-V საუკუნეების ნაქალაქარის მიმდებარედ კულტურის მინისტრის მიერ ისტორიული აბანოს ტერიტორიის გაყიდულ მიწებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მიზნად ფართო საზოგადოებრივ აჟიოიტაჟსა და პროვოკაციას ისახავს“ – ნათვქმია განცხადებაში.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, “მეტრონიმი”  “არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ნემსაძეს დაუკავშირდა.

როგორც ნემსაძემ “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, არ აპირებს წყაროს გამხელას თუმცა ზუსტად იცის, რომ ეს ამბავი სიმართლეს შეესაბამება.

“როგორ ფიქრობთ ავდგები და დეტალებში მოგიყვებით ამას და საფრთხის ქვეშ დავაყენებ პატრიოტ ბიჭებს??? ეს ამბავი სიმართლეა გადამოწმებული აი ესაა უბედურება” – ნათქვამია  “არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით ნემსაძის განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, გამოქვეყნებული განცხადება სრულად აცდენილია ობიექტურ რეალობას და მკითხველს მცდარ მონაცემებს აწვდის.

საუბარია ბაგრატის საკათედრო ტაძრის გალავნიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით 100 მეტრის დაშორებით მდებარე ისტორიული აბანოს კომპლექსზე. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მეოცე საუკუნის 80-იან წლებში არქეოლოგებმა გამოიკვლიეს (კომპლექსი მოიცავდა: აბანოს, შეშის საწყობს, მოსასვენებელ სახლსა და წყლის მოცულობით რეზერვუარს). ტერიტორიაზე იმ დროისთვის 40-მდე ოჯახი ცხოვრობდა, რომლებსაც ქუთაისის იმდროინდელი აღმასკომის დადგენილებით სამოსახლო მიწების გარკვეული ფართობი ჩამოერთვათ და სახელმწიფოს გადაეცა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ისტორიული აბანოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფართობი 2008 წელს გაასხვისეს. რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქუთაისის ისტორიულ უბანში ორი მესაკუთრე ჰყავს – კობა მანგოშვილი და მიტროფანე რუხაძე. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთ” ავრცელებს.

„ნეტგაზეთი“ ასევე დაინტერესდა, მიმართა თუ არა ვინმემ ქუთაისის მერიას ისტორიული აბანოს კომპლექსის ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მშენებლობის ნებართვაზე.

„ეს ტერიტორია ბაგრატის ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთია. ჩვენგან არანაირი ნებართვა არაა გაცემული. არც განაცხადი ყოფილა და არც გაცემულა. განაცხადი რომც იყოს, ჩვენ გვაქვს მეთერთმეტე საუკუნის ბაგრატის ციხე-გალავნის საზღვრების რუკა, თავისთავად ეგ ნაწილიც შედის იმ საზღვრებში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი  ადგილებია და მასეთ ადგილებში ნებართვის მოთხოვნა მკაცრად კონტროლდება”-  განუცხადა „ნეტგაზეთს“ ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ჩხიკვაძემ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ტერიტორიას მინიჭიებული აქვს კულტურული ძეგლის სტატუსი და იცავს შესაბამისი კანონი.

„ისტორიულ აბანოს, როგორც უქიმერიონის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს, კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მას კანონი იცავს. ამასთან ერთად, მიწის აღნიშნული ფართობი მდებარეობს ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ბაგრატის საკათედრო ტაძრის 500-მეტრიანი დაცვითი ზონის არეალში, რომელზეც ნებისმიერი შეუთანხმებელი ფიზიკური ჩარევა დასჯად ქმედებად ითვლება“ – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

იტვირთბა....