ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უწყებათაშორის კომისიას “ნაციონალური მოძრაობა” ტოვებს

უწყებათაშორის კომისიას “ნაციონალური მოძრაობა” ტოვებს.

როგორც პარტიის  წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, ნაცმოძრაობა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად აღნიშნულ ფორმატში პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას მაშინ, როცა უწყებათაშორის კომისიაში არ მონაწილეობს ობიექტური არბიტრი.

მისი შეფასებით, კომისია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელში „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორისი კომისიის ფორმატთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიცია იმთავითვე აყენებდა საკითხს, რომ წარმოუდგენელია  ფორმატი ასე გაგრძელდეს. როდესაც წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბად და არანაირ წინადადებას, არანაირი საკითხის დაყენებას კომისიაზე მნიშვნელობა არ ჰქონდა“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს აწარმოებდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

„ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ბუნებრივია ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში, ამ იუსტიციის მინისტრის ფონზე წარმოუდგენელია რამე თანამშრომლობასა და ნორმალური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე საუბარი. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა და ველოდებოდით არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი კომისიაში არ მონაწილეობს, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას ამ ფორმატში მიზანშეუწონლად მივიჩნევთ -“ განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უწყებათაშორისი კომისია დღეს „ევროპულმა საქართველომაც“ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ  14 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობა გამოუცხადეს.

იტვირთბა....