როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მინდა შევახსენო, საპრეზიდენტო არჩევნების გამო დადის მონასტრიდან მონასტერში, ეპარქიიდან ეპარქიაში და ანთებს სანთლებს. როდის გახდა სალომე ზურაბიშვილი ასეთი მორწმუნე, რომ საეკლესიო დღესასწაულზე ევლო ტაძრებში და სანთლები აენთო?! – ამის შესახებ “მეტრონომს” მამა პეტრე პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
მამა პეტრეს თქმით, ეკლესია ქვეყანაში წამყვანი ძალაა, რომელსაც ნებისმიერმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ანგარიში უნდა გაუწიოს.
“თუმცა, ზურაბიშვილის ეს ქმედება პრივატული, ძალიან მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკური არჩევნებისა და გადაწყვეტილებების წინ, პოლიტიკოსებს ახსენდებათ ღმერთიც და ეკლესიაც. თუ რომელიმე სასულიერო პირს სალომე ზურაბიშვილისა და ზოგადად, მმართველი გუნდის მიმართ გაუჩნდა პროტესტი, მაშინ ახსენდება ზურაბიშვილს, რომ საეკლესიო პირები უხეშად ერევიან პოლიტიკაში?! მინდა გითხრათ, რომ ეკლესია შეუძლებელია, დამოუკიდებლად, პოლიტიკის გარეშე არსებობდეს. ქართველი ერის ისტორიაში, სახელმწიფოს დაარსების დღიდან, ქრისტიანობა იყო ერის იდეოლოგია. ორივე ერთი განუყოფელი მთლიანობაა და როდესაც პოლიტიკოსებს არჩევნების დროს ახსენდებათ ეკლესია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესიასა და სასულიერო პირებს აქვთ სუბიექტური აზრი და ობიექტური მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ მიმდინარეობას ყოველთვის მოუწევს ეკლესიის ინტერესს გაუწიოს ანგარიში. ჩვენს ქვეყანაში ეკლესია არის ერთ-ერთი წამყვანი ძალა, რომელსაც დაბრკოლებების მიუხდავად, საზოგადოება მიყვება და ენდობა”, – განაცხადა მამა პეტრემ.
შეგახსნებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეკლესია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკლესია საპრეზიდენტო კამპანიაშია არ უნდა ერეოდეს.