ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
პროკურატურამ მტკიცებულებად გამოკითხვების, დაკითხვის ოქმები და საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები წარმოადგინა. ბრალდებამ მოწმეთა სიაც წაიკითხა, ვის დაკითხვასაც პროკურატურა არსებითი განხილვების დაწყების დროს აპირებს. მათ შორის არიან: მიხეილ კალანდია, გიორგი კალანდია, დაჩი ღლონტი, მერაბ მორჩაძე, ზაზა სარალიძე და გიორგი მენაბდე.
ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკუთარი პოზიცია დაცვის მხარემ დააფიქსირა.
ამასთან, დაცვის მხარეს ბრალდების მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია. ადვოკატებმა სადავოდ მხოლოდ ერთი, მიხეილ შაყულაშვილის ჩვენება გახადეს.
ბრალდებულ მირზა სუბელიანის თქმით, მისთვის შაყულაშვილის ჩვენება მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
“ჩემი ჩვენებიდან არის გამომდინარე ბრალი. მე ვაღიარებ ბრალს და ვიცი, რა შედეგები მოყვება ჩემს ქმედებას. მე არ ვხდი სადავოდ მტკიცებულებებს” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
ამასთან, სუბელიანი ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ პატიმრობაში დარჩეს.
“საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად დიდია, რომ ეს ჩემთვის პოპულარიზაცია არ არის ჩემი თავის. უბრალოდ ჩემი პოზიციაა, რომ მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს. ასევე, მე ვაცხადებ, რომ ვეთანხმები ბრალდების მხარეს და მსურს, დავრჩე პატიმრობაში, თუმცა ეს არ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩემი მიმალვის საფრთხე არსებობს – ჩემი აქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, მირჩევნია, გასვენება იყოს ჩემი, ვიდრე აქ ვიჯდე,” – განაცხადა მირზა სუბელიანმა.