ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ ჟვანიამ აგვისტოში 20 000 ლარს მიახლოებული ხელფასი აიღო

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელფასი მიმდინარე წლის აგვისტოში 19 550 ლარი იყო. ამის შესახებ წერს  On.ge, რომელმაც ინფორმაცია ცესკოდან მიიღო.

გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის აგვისტოში ჟვანიას თანამდებობრივი სარგო დაუბეგრავად 17 000 ლარი იყო, ამავდროულად, მიიღო დანამატი 2 550 ლარის ოდენობით. ჟვანიამ გასული წლის აგვისტოშიც, როცა საარჩევნო პერიოდი იყო, მიიღო გაზრდილი თანამდებობრივი სარგო და დანამატი, თუმცა დაუბეგრავად ამ თანხის მოცულობა 12 774 ლარი იყო.

ცესკოში On.ge-ს განუმარტეს, რომ წელს არჩევნები პირველ აგვისტოს დაინიშნა, გასულ წელს კი — თვის შუაში. ანაზღაურებას შორის განსხვავება კი ამ მიზეზით არის გამოწვეული.

გამოცემის ცნობითვე, გასული წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იყო, ცესკოს თავმჯდომარის ხელფასი 22 000 ლარს გაუტოლდა, საიდანაც ნახევარი დანამატის სახით დაერიცხა.

On.ge ასევე აქვეყნებს ჟვანიას წლიურ შემოსავალს:

2018 წლის 9 თვე — 90 950 ლარი;
2017 წლის 12 თვე — 143 674 ლარი;
2016 წლის 12 თვე — 197 307 ლარი.

იტვირთბა....