ქრთამის სავარაუდო აღების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ის სრულიად უდანაშაულოა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვარ უდანაშაულო და გავრცელებული ჩანაწერი არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ.
ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში ეს უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ.
ვრჩები გუნდში, ქართული ოცნების დაარსების დღიდან ვიყავი და ვიქნები მისი პრინციპებისა და იდეების ერთგული მებრძოლი”, – განაცხადა გოგიამ.
შეგახსენებთ, რომ სკანდალურ აუდიოჩანაწერში ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია გოგიას ეუბნება თუ როგორ ჩაურიცხა მერის მოადგილეს 10 000 დოლარი და შემდეგ დამატებით 30 000 ლარი, მაგრამ გარიგების პირობები არ შესრულებულა.
ამის შემდეგ, გოგიამ თანამდებობა დატოვა, ხოლო ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.